

მიზნები:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა ცვლილებებისათვის მიზანია სათემო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია საშუალებები საკუთარ რეგიონებში აქტიურად და ინფორმირებულად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ცდილობს გაზარდოს სამოქალაქო ჯგუფების პოტენციალი, წაახალისოს პოლიტიკური რეფორმების მონიტორინგი და შეფასება, ასევე ხელი შეუწყოს საჯარო დისკუსიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციათა ქსელების შექმნას. პროგრამა ასევე მოიცავს მიზნობრივ მცირე გრანტებს ნაკლებად გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციების დასაკავშირებლად უფრო განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ფონდი ასევე აწყობს საგრანტო კონკურსებს სამოქალაქო მონიტორინგზე სხვადასხვა სფეროში.
შედეგი და მისი ზეგავლენა
მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის კონცეფცია აქცენტს აკეთებს პროცესზე, რომლის მეშვეობითაც ძირითადი მონაწილეები ადგილობრივ დონეზე პასიური მონაწილეობის ნაცვლად აქტიურად არიან ჩართული ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელებისა და საზოგადოების მომსახურებით უზრუნველყოფის მონიტორინგში. ამ პროცესით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ცდილობს გაზარდოს მოქალაქეთა უნარ-ჩვევები გააანალიზონ ინფორმაცია და მოახდინონ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების სტიმულირება ადგილობრივ დონეზე. 2007 წლიდან მოყოლებული, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა მიზნობრივი საგრანტო კონკურსების ფარგლებში 230,000 აშშ დოლარზე მეტი გასცა თერთმეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაზე. 2009 წელს ფონდი გეგმავს ორი მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მეტი გრანტი გასცეს საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად.

