

პროგრამის მიზანი:
სოციალური მეწარმეობის განვითარების და იმ ბიზნესების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობის “საბაზისო ხაზს” უპირატესად სოციალური მიზნები წარმოადგენს და რომელიც რეინვესტირებას ისევ ბიზნესის სოციალურ მიზნებში ახდენს.
პროგრამის დასაბუთება:
სოციალური მეწარმეობა ბევრ ისეთ კომპონენტს მოიცავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისთვის არის აუცილებელი. არამომგებიანი სტრატეგიების გაერთიანებით, მისიაზე ორიენტირებული ორგანიზაციები სოციალურ სექტორში ინვოვაციების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის ახალ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
საქართველოში სოციალური უზრუნველყოფა ახალი მთავრობის ყურადღების უმთავრესი სფერო ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა და ამ სექტორში მთავრობამ მთელი რიგი ახალი პოლიტიკა და რეფორმები დანერგა. თუმცა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა, როცა მთავრობამ პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მომიტინგე დაარბია, საქართველოს მოქალაქეების დიდი უკმაყოფილება გამოავლინა სოციალური დაცვის მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ 2007 წელს გამართულმა შინამეურნეობის კვლევამ გამოავლინა, რომ ქართველი რესპონდენტების 36% საკუთარ თავს დაუსაქმებლად მიიჩნევდა. ამავე კვლევაში შინამეურნეობების 26%-მა აღნიშნა, რომ მათმა შემოსავალმა 2006 წლის შემდეგ იკლო. საქართველოში ბევრ ჯგუფს ჯერ კიდევ არა აქვს დასაქმების პერსპექტივა და იმის შესაძლებლობები, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოს. ეკონომიკურმა დაღმასვლამ, რომელიც თან მოჰყვა რუსეთთან ომს 2008 წელს, ასევე გავლენა მოახდინა მთავრობის შესაძლებლობაზე სოციალური დახმარების უზრუნველყოფის მხრივ: 2008 წლის ოქტომბერში, კონფლიქტის შემდეგ CCRC-ს მიერ გამართულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქართული ოჯახების 48% სახელმწიფო დახმარებაზე იყო დამოკიდებული (პენსიები, სოციალური დახმარება, ვაუჩერები ან სხვა სახის დახმარება). თუმცა, ბევრი ქართული ორგანიზაცია, როგორც არამომგებიანი, ასევე მომგებიანი, დამოუკიდებლად მოქმედებს, ან მთავრობასთან თანამშრომლობს სოციალური დახმარების მომსახურების მიწოდებისთვის. ისინი დონორების დაფინანსებაზე დიდად არიან დამოკიდებულნი და, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზოგჯერ მოხალისეთა ძლიერი მხარდაჭერა უდევთ საფუძვლად, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები მაინც აკლიათ.
პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროგრამა წამოიწყო სოციალური მეწარმეობის არსის დანერგვისთვის ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნეს ორგანიზაციებში. ვრცელი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ტექნიკურ და საგრანტო დახმარებას უზრუნველყოფს სოციალური საწარმოების პროექტების მცირე რაოდენობის მხარდასაჭერად, რომელიც კარგად განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს და ქმნის მოდელს განხილვისა და რეპლიკაციისთვის. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პარტნიორობს პრაღაში დაფუძნებულ დაფინანსების მოძიების ჩეხურ ცენტრთან სოციალური საწარმოს ღონისძიებების განხორციელებისთვის.

