ახალგაზრდული იდეის პროგრამა

Image

პროგრამის მიზანი:

16-დან 21 წლამდე ახალგაზრდების წახალისება, ხელი შეუწყონ თანატოლების სამოქალაქო აქტივობასა და მოხალისეობას საკუთარ თემში.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტი – „ ახალგაზრდული იდეა“ – როგორც ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ნაწილი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. ”ახალგაზრდული იდეის” პროგრამა ახალგაზრდებს ხელს უწყობს, რომ მათ, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და კარგად გაიაზრონ თავიანთი როლი საზოგადოებაში. საქართველოს თორმეტ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულმა ახალგაზრდულმა ბანკმა გამოყო მცირე დაფინანსება ახალგაზრდების იდეების განხორციელებისა და ცვლილების მხარდასაჭერად. ახალციხის, ასპინძის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, ბოლნისის და დედოფლისწყაროს ახალგაზრდულმა ბანკებმა ადგილობრივ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მისცა, განევითარებინათ უნარ-ჩვევები, რათა ემოქმედათ სოციალური ცვლილების აგენტებად და შეეძინათ გამოცდილება გრანტების სამართლიანად და გამჭვირვალედ გაცემაში. ამის შედეგად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ახალგაზრდულმა ბანკებმა განათლების, სპორტის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროში 93 ახალგაზრდული ინიციატივა დააფინანსა.
გასული წლების წარმატებაზე დაყრდნობით, 2010 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გააორმაგა პროგრამის გავრცელების არეალი და საქართველოს ახალგაზრდული ბანკების რაოდენობა 24-მდე გაზარდა. დამატებითი ახალგაზრდული ბანკები დაარსდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის, და ასევე, ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება შედარებით პასიურია და ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეისათვის ”ახალგაზრდული იდეის” პროგრამის გავრცელების არეალი ასეთია: ახმეტა, დედოფლისწყარო, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ტალავერი, ბოლნისი, სადახლო, გორი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი, წეროვანი, ზუგდიდი, ხობი, მარტვილი, ხონი, ტყიბული, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ბათუმი, ხულო და ლატალი.

მასალები