პროგრამის მიზანი:
სოციალური მეწარმეობის განვითარების და იმ ბიზნესების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობის “საბაზისო ხაზს” უპირატესად სოციალური მიზნები წარმოადგენს და რომელიც რეინვესტირებას ისევ ბიზნესის სოციალურ მიზნებში ახდენს.
პროგრამის დასაბუთება:
სოციალური მეწარმეობა ბევრ ისეთ კომპონენტს მოიცავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისთვის არის აუცილებელი. არამომგებიანი სტრატეგიების გაერთიანებით, მისიაზე ორიენტირებული ორგანიზაციები სოციალურ სექტორში ინვოვაციების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის ახალ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
საქართველოში სოციალური უზრუნველყოფა ახალი მთავრობის ყურადღების უმთავრესი სფერო ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა და ამ სექტორში მთავრობამ მთელი რიგი ახალი პოლიტიკა და რეფორმები დანერგა. თუმცა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა, როცა მთავრობამ პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მომიტინგე დაარბია, საქართველოს მოქალაქეების დიდი უკმაყოფილება გამოავლინა სოციალური დაცვის მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ 2007 წელს გამართულმა შინამეურნეობის კვლევამ გამოავლინა, რომ ქართველი რესპონდენტების 36% საკუთარ თავს დაუსაქმებლად მიიჩნევდა. ამავე კვლევაში შინამეურნეობების 26%-მა აღნიშნა, რომ მათმა შემოსავალმა 2006 წლის შემდეგ იკლო. საქართველოში ბევრ ჯგუფს ჯერ კიდევ არა აქვს დასაქმების პერსპექტივა და იმის შესაძლებლობები, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოს. ეკონომიკურმა დაღმასვლამ, რომელიც თან მოჰყვა რუსეთთან ომს 2008 წელს, ასევე გავლენა მოახდინა მთავრობის შესაძლებლობაზე სოციალური დახმარების უზრუნველყოფის მხრივ: 2008 წლის ოქტომბერში, კონფლიქტის შემდეგ CCRC-ს მიერ გამართულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქართული ოჯახების 48% სახელმწიფო დახმარებაზე იყო დამოკიდებული (პენსიები, სოციალური დახმარება, ვაუჩერები ან სხვა სახის დახმარება). თუმცა, ბევრი ქართული ორგანიზაცია, როგორც არამომგებიანი, ასევე მომგებიანი, დამოუკიდებლად მოქმედებს, ან მთავრობასთან თანამშრომლობს სოციალური დახმარების მომსახურების მიწოდებისთვის. ისინი დონორების დაფინანსებაზე დიდად არიან დამოკიდებულნი და, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზოგჯერ მოხალისეთა ძლიერი მხარდაჭერა უდევთ საფუძვლად, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები მაინც აკლიათ.
პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროგრამა წამოიწყო სოციალური მეწარმეობის არსის დანერგვისთვის ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნეს ორგანიზაციებში. ვრცელი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ტექნიკურ და საგრანტო დახმარებას უზრუნველყოფს სოციალური საწარმოების პროექტების მცირე რაოდენობის მხარდასაჭერად, რომელიც კარგად განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს და ქმნის მოდელს განხილვისა და რეპლიკაციისთვის. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პარტნიორობს პრაღაში დაფუძნებულ დაფინანსების მოძიების ჩეხურ ცენტრთან სოციალური საწარმოს ღონისძიებების განხორციელებისთვის.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის ოთხი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კონკურსის ჩატარებას სოციალური მეწარმეობის კონცეფციის გაცნობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარებაში ჩართვის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობენ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლების სტუდენტები.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად. პირველ, შიდასაუნივერსიტეტო ეტაპზე ოთხივე უნვიერსიტეტში სტუდენტური გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან კონკრეტული სოციალური საწარმოს მიერ დასმულ პრობლემის გადაჭრაში. ამ ეტაპზე გამოვლენილი ოთხი გუნდი გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, რომლის დროსაც თითო უნივერსიტეტიდან თითო გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს. კონკურსის მეორე და მთავარ ეტაპზე სტუდენტთა ჯგუფებს დაევალებათ ახალი სოციალური საწარმოს შექმნის ბიზნეს გეგმის შემუშავება. ამ დავალების შესასრულებლად სტუდენტები ითანამშრომლებენ მათ მიერვე არჩეულ იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც სურს ჩამოყალიბდეს როგორც სოციალური საწარმო. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირებულნი იქნებიან კონკურსის ვებგვერდზე. კონკურსის დიდი ნაწილი online რეჟიმში ჩატარდება.
სტუდენტები შესრულებულ დავალებებს თავად ატვირთავენ ვებ-გვერდზე, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს არამარტო თვალყური ადევნონ კონკურსის მიმდინარეობას, არამედ მოიწონონ მათი რჩეული პროექტი. დამოუკიდებელი ჟიური თითოეული უნივერსიტეტიდან შეარჩევს საუკეთესო შემოთვაზებას და გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს წინასწარ გამოცხადებული კრიტერიუმების მიხედვით. გამარჯვებული სტუდენტები მიიღებენ პრიზებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამარჯვებულ პროექტის დააფინანსებს GEL 15,000 თანხის ოდენობით. თანხა გადაერიცხება არასამთავრობო ორგანიზაციას, იმისთვის, რომ განახორციელოს სტუდენტურ გუნდთან თანამშრომლობით ჩამოყალიბებული ბიზნეს გეგმა. ამასთან, ვებგვერდის ვიზიტორთა ხმათა რაოდენობა გამოავლენს ყველაზე პოპულარულ პროექტს/გუნდს, რომელიც ასევე მიიღებს წამახალისებელ პრიზებს
2009 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დახმარებით სამი სოციალური საწარმო დაფუძნდა, რომლებიც ახლაც განაგრძობენ წარმატებულ საქმიანობას.
გორის საკონდიტრო საცხობში დასაქმებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ქალები და გოგონები. სოციალური საწარმო თავის მომხარებელს სთვაზობს მრავალფეროვან მენიუს ზომიერ ფასებში.
ავტო სამრეცხაოში დასაქმებულია ქუჩისა და რისკის ჯგუფის ბავშვები. საწარმო მომხმარებელს სთავაზობს მანქანის რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურებას.
სასუვენირო-პოლიგრაფიულ საამქროში დასაქმებულია შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. საწარმო მომხმარებელს სთავაზობს არა მარტო სუვენირებს (მაგ.: თექისგან დამზადებულ სათამაშოებს და სხვადასხვა აქსესუარებს), არამედ ბეჭდვით მომსახურებას (სავიზიტო ბარათები, დოკუმენტები, ქსოვილის ჩანთებზე ბეჭდვა), ასლების გადაღებას და ლამინირებას.
ყველა ჩამოთვლილი საწარმო მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას და მომსახურებას სთავაზობს მისაღებ ფასებში. და რაც მთავარია, ამ საწარმოებში დახარჯული ყოველი ლარი მოხმარდება ამ საწარმოების ბენეფიციარებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის და ხელი შეეწყობა მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის, რომლებიც თავის ნაშრომებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემებს გამოიყენებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს სტდენტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიებს, ან ეთერში გაუშვებენ რეპორტაჟებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის 2011 წ. კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ მონაცემების გამოყენებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დასახმარებლად ფონდი აწყობს ტრეინინგს ჟურნალისტებისათვის რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ინტერპრეტაციისა და წარმოდგენის უნარ-ჩვევების შესაძენად. გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ განცხადებას.